მოგონებები აკაკი წერეთელზე

აკაკი   წერეთელი

აკაკი წერეთელი

“აკაკის შორიდან ვხედავდი ხშირად ქუთაისში, როდესაც პროგიმნაზიასა და გიმნაზიაში ვსწავლობდი, მაგრამ პირადად მხოლოდ მაშინ გავიცანი, როდესაც გიმნაზიის მეშვიდე კლასში გადავედი. იმ დროს ვცხოვრობდი პოლკოვნიკ ალექსანდრე მუსხელიშვილთან, რომელსაც ცოლად ჰყავდა ნიკო ღოღობერიძის და ანეტა, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და ერთობ ჭკვიანი და კარგი ადამიანი.

აკაკი ზოგჯერ ანეტასთან სტუმრად დადიოდა და იქ ვხვდებოდი მას. შემდეგ მას ქუთაისის თეატრში მოღვაწეობის დროს ხშირად ვხედავდი სცენაზე. იგი რეჟისორი იყო თეატრის კერძო დასისა და გასტროლებში მონაწილეობას იღებდა, სცენაზე თავის ლექსებს კითხულობდა. მაშინ თბილისიდანაც ხშირად მოდიოდნენ აკაკისთან ქართველი არტისტები – ვასო აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი, რომელნიც ჩვენთვის დიდად საყვარელნი იყვნენ, მათ წარმოდგენებს დიდის ხალისით ესწრებოდა ქუთაისის საზოგადოება.

აკაკის ზოგჯერ ვხვდებოდი ქუთაისის ინტელიგენტთა საღამოებზე, რომლებიც კერძო ოჯახებში იმართებოდა, უფრო ხშირად ეფემია კლდიაშვილის ოჯახში; იქ ვისმენდით ხოლმე აკაკის ჩვეულებრივ ხუმრობას. ზოგჯერ ჩვენის თხოვნით თავის ლექსებს გვიკიხავდა.

როდესაც უნივერსიტეტი გავათავე და თბილისში ჩამოვედი, მაშინ კი ხშირად ვხვდებოდი აკაკის კერძო ოჯახებში და ნამეტნავად წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმში, რომელიც იმ ხანად ერთ მოზრდილ ოთახს წარმოადგენდა, წიგნების მაღაზიის უკან საადგილმამულო ბანკის ქარვასლაში, სასახლის ქუჩაზე. აქ იკრიფებოდნენ ქართველი ინტელიგენტები და ამ კრებაზე აკაკი ხშირად მოდიოდა და თავის მოთხრობებითა და ამბებით გვართობდა.

როგორც ქუთაისში, ისე აქაც აკაკი ცოლ-შვილით არა ყოფილა, არც მუდმივი ბინა ჰქონდა: ხან ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, ხან მეორეში. სამსახური თავის დღეში არა ჰქონია, მაშასადამე, მისთვის არც ჯამაგირი არსებობდა. ცოტა შემოსავალს იღებდა თავისი მამულიდან და ყოველთვის უფულოდ იყო. მაგრამ როგორც დამსახურებული და უებრო პოეტი, ის ყველასათვის საყვარელი კაცი იყო და შეძლებისამებრ ყველა ეხმარებოდა. ხშირად მას სასტუმროს მეპატრონენი, ნამეტნავად იმერლები და გურულები, არც ბინაში, არც საჭმელ-სასმელში ფულს არა თხოვდნენ, თვის ბოლოს მხოლოდ ანგარიშს წარუდგენდნენ თავიანთი ხელმოწერით, რომ ფული მიღებულიაო.

აკაკი კერძო ოჯახებშიც ცხოვრობდა, ნამეტნავად პირველ ხანებში ნიკო დიასამიძისას (თბილისში), სადაც მას მასპინძლის ცოლი და შვილები დიდის სიყვარულით თავს დასტრიალებდნენ. ხშირად იყო აგრეთვე დეკანოზ დავით ღამბაშიძის ოჯახში, ყვირილაში, სადაც დავით ღამბაშიძე სასულიერო გაზეთ „მწყემსს“ სცემდა.

ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება არ უყვარდა: ხან თბილისში იყო, ხან ქუთაისში. ქუთაისში მას ბინა ნიკო ნიკოლაძის დებთან – კატოსთან და ანიკოსთან ჰქონდა. ესენი ცნობილი ინტელიგენტი ქალები იყვნენ, ქუთაისში მასწავლებლობდნენ და ისე ირჩენდნენ თავს. აკაკი იქ როგორც თავის ოჯახში, ისე სცნობდა თავს. ნამეტნავად საინტერესო იყო მათი შინაური დამოკიდებულება. აკაკიმ პოეტურად შეთხზული ბაასი იცოდა. კატო მაშინვე სიცილით შენიშნავდა: „ტყუილი, ტყუილი“-ო, მაგრამ აკაკი ამაში არც თავის შეურაცხყოფას ხედავდა და არც ეჩხუბებოდა, სუყველაფერი სიცილით თავდებოდა.

გაგონილი მქონდა, რომ აკაკის ცოლი, ბაზილევსკის ასული, მდიდარი ყოფილა, როდესაც ის აკაკის შეურთავს. ნატალია ბაზილევსკაია მე უკვე მოხუცებულობაში ვნახე, როდესაც აკაკი ავად იყო, და ეტყობოდა, რომ ახალგაზრდობაში სანდომიანი ქალი უნდა ყოფილიყო. შვილი ლამაზი ჰყავდა.

როდესაც აკაკი ავად გახდა, თბილისში მისი ცოლი ჩამოვიდა და დაადგა თავზე, თავისებურად უნდოდა კარგად მოევლო. ავადმყოფ აკაკის სხვა ქალებიც უვლიდნენ (მაგ. ტასო მაჩაბელი და სხვები). ერთხელ მივედით აკაკის სანახავად, ნუგეში ვეცით:

– „არაფერი საშიში ავადმყოფობა არ გაქვს, მალე მორჩები“-მეთქი. მან მითხრა: „რა მომარჩენს, ეს თუ არ მომაცილეთო“, და მიუთითა ცოლზე. ეს აკაკის ჩვეულებრივი ოხუნჯობა იყო; ისე, რაც შეეძლო, პატივსაცემდა ცოლს.

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი

აკაკის შვილი ალექსი ერთობ სიმპატიური ადამიანი იყო, ზრდილი, კაცთმოყვარე, ლამაზი და კეთილი გულის პატრონი; მამა ძალიან უყვარდა და თუმცა ქართული ნაკლებად იცოდა, მაგრამ მამის თხზულებათა შინაარსი ზედმოწევნით ჰქონდა შეთვისებული. მან ოპერის მოყვარულთა დასი შეადგინა და ერთხელ გასტროლებისათვის ჩამოვიდა საქართველოში; აკაკი შვილს დიდად ეხმარებოდა, მაგრამ მოგება ვერ ნახეს და ვალებში ჩაცვივდნენ. თანდათანობით ეს საოპერო დასი ალექსიმ გააუმჯობესა, პარიზში ჩავიდა თავისი დასით და დიდი წარმატებით მიჰყავდა საქმე. კარგი შემოსავალი ჰქონდა და დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა ამ დასმა ფრანგებზე. დასს მართალია შემოსავალი დიდი ჰქონდა, მაგრამ ალექსი იმდენად პირდაპირ იდეალური და უანგარო კაცი იყო, რომ შემოსავლის ანგარიშში თვითონ არც კი ერეოდა, რასაც დასი მისცემდა, იმით კმაყოფილდებოდა. დასის წევრები ალექსის აღმერთებდნენ და ოდნავი უსიამოვნებაც კი არა ჰქონიათ მასთან. დედამისი ნატალია იმ დროს დასნეულებული იყო, ორ წელიწადს ლოგინში იწვა, შვილი თავს დასტრიალებდა და არაფერს არ აკლებდა, მაგრამ ბოლოს მაინც სნეულებას გადაჰყვა. დედის სიკვდილის გამო გამოუთქმელ მწუხარებაში ჩავარდა ალექსი. ერთი თუ ორი წლის შემდეგ თითონ ალექსიც გახდა ავად და იქ, პარიზშივე, მიიცვალა. დიდძალი საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა დარჩა, რაც მილიონნახევრად იყო შეფასებული, ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებას დაუტოვა ანდერძით, მაგრამ ოპერის დასის წევრებმა საჩივარი აღძრეს, რომ ჩვენ გვეკუთვნის მთელი საოპერო ქონებაო და ეს ქონებაც მათ დარჩათ.

აკაკი ჩემი დიდი პატივისმცემელი იყო და ეს საქმითაც დაამტკიცა, მე ცოტა არ იყოს სირცხვილეული დავრჩი. ერთხელ შემოვიდა იგი ჩემთან სახლში და მითხრა:

– „ყველაფერზე გული ამივარდა, არცერთი ჩვენი დაწესებულება არ მაკმაყოფილებს შენი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მეტი და ჩემი ქონება თქვენ უნდა დაგიტოვოთ ანდერძითო“.

მე გავიცინე და ღიმილით ვუთხარი: „აკაკი! შენი ჭირიმე ჩვენი დაღუპვა, თუ არ გინდა მაგას ნუ იქმ-მეთქი“.

– „რატომაო?“ – მკითხა.

– „იმიტომ რომ, მეშინია, შენს ვალებში არ გაგვიყიდონ ის ხელნაწერები და სხვა ნივთები, რომელნიც თქვენ უნდა დაგვიტოვოთ ანდერძით“.

მან მიპასუხა: „ვინ გითხრა ეს? ვალი ერთი კაპეიკიც კი არ მაქვს, ან, ვალი საიდან მექნება, როდესაც ფულს არავინ მასესხებს? ქე ნახავ მაშინ, როდესაც ჩემს მემკვიდრეობას მიიღებთ და მოსარჩლე არავინ გამოგიჩნდებათო“.

ამით გავათავეთ ლაპარაკი და სხვაზე გადავედით. სხვა დროს მას ამ საკითხზე ლაპარაკი აღარა ჰქონია. წარმოიდგინეთ: წასულა აკაკი ქუთაისში და ამავე კვირაში ნოტარიალური წესით დაუმტკიცებია ანდერძი, რომ მთელ თავის მამულს და მთელ თავის ნაწარმოებებს, გამოცემულს თუ გამომუცემელს, უტოვებს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიულ საზოგადოებას. ეს მე მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც აკაკი გარდაიცვალა.

ანდერძის თანახმად აკაკის სახლი, მამული, ეზო და მისი ხელთნაწერები მალე ჩავიბარეთ, მის სახლში გავხსენით მუზეუმი და მისივე ყოფილ მოურავს კოტე აბდუშელიშვილს ჩავაბარეთ. ის ენერგიული კაცი იყო და დიდად ხელს გვიწყობდა.

ქართველმა საზოგადოებამ დიდი ზეიმით, თანაგრძნობითა და სიყვარულით გადავიხადეთ აკაკის იუბილე თბილისში 1908 წელს. მაგრამ მისი იუბილე თბილისით არ დამთავრებულა. შედგა ჯგუფი, რომელმაც აკაკი დაატარა საქართველოს ყველა კუთხეში: ქართლში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში. ყველა კუთხე დიდის ზეიმითა და თანაგრძნობით შეხვდა პოეტს და აგრძნობინა თავისი სიყვარული და პატივისცემა. სხვათა შორის, აკაკი ესტუმრა ილიას სოფელს ყვარელს. აქ იური ჭავჭავაძემ ისეთი საზეიმო შეხვედრა მოუწყო აკაკის, რომ ხარჯების დასაფარავად, როგორც გადმოგვცეს, მას მოუხდა ათიოდე დესეტინა მამულის გაყიდვა.

აკაკის ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული არ დაკლებია, ინტელიგენცია დიდად აფასებდა მის პოეტურ მემკვიდრეობას. სასტუმროებისა და რესტორნების პატრონები მას სთავაზობდნენ კარგ ბინას, მოწყობილობასა და საჭმელ-სასმელს, ფულს არ სთხოვდნენ. ნიკო დიასამიძის, ვანო მაჩაბლისა და სხვათა ოჯახების კარებები ყოველთვის ღია იყო. ზაფხულში საჩხერეში მიდიოდა ხშირად და იქ თავის სახლში სხვიტორში ცხოვრობდა; აქ დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავისი მოგვარეები.

იუბილეს შემდეგ აკაკი თანდათან დასუსტდა, დაავადმყოფდა და 1915 წლის იანვარში გარდაიცვალა თავის სოფელ სხვიტორში. უკვდავი პოეტი დიდი ამბით ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს ქართველ მწერალთა პანთეონში, სადაც განისვენებენ დიმიტრი ყიფიანი და ილია ჭავჭავაძე.”

ექვთიმე თაყაიშვილი

წყარო: http://bit.ly/11s67R9

One response to “მოგონებები აკაკი წერეთელზე

  1. გამოხმაურება: ემიგრანტული ნაშრომები (ტომი I) | ექვთიმე თაყაიშვილი·

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s