მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი

მიმართვა ქართველი ემიგრაციისადმი

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე თაყაიშვილი

იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, როცა ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველი
ხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა: რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს.
ამჟამად, ჩვენდა საბედნიეროდ, იშვიათია ისეთი განათლებული ქართველი, რომელსაც არ შეეგნოს და რომელიც არ ცდილობდეს ქართული ისტორიის და ლიტერატურის გაცნობას. ეროვნული მიმართულება თანდათან ღვივდება და ეს
თავისთავად იწვევს ქართული კულტურის შესწავლას. ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონოდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა.
ვინც ამ კულტურას ასე თუ ისე არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტი ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის. ამიტომ ყველა მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც პირველ რიგში უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში, უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა პირველ ყოვლისა მდიდარი ქართული ენის განვითარებაში, სასულიერო და საერო ლიტერატურაში, პოეზიაში, ფილოსოფიაში, ხუროთმოძღვრებაში და სხვა ყველა ხელოვნების დარგში, რჯულის და ზნეობის სიმტკიცეში, სოციალურ წყობილებაში, მეურნეობაში, ეკონომიკაში და
სხვა.

ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან. ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმის დაარსებამ და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო
საზოგადოების დაარსებამ. ეხლა მას აგვირგვინეს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები. კვეხნაში ნუვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვი, რომ მე წილად მხვდა სხვებთან ერთად ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში, მცირე ნაწილი გამოცემულია, და
ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორც შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თანა მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ «ადამის ტომთა წესითა», და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს. თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი, მათ შორის, ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი.

ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ახლა გაქრა, ამაზედ ოცნებაც მეტია, ვინაიდან ამას, სულ ცოტა რომ ვთქვათ, სჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას. რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა, და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციას და თვითეულ საზღვარ გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა, კეთილ ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლეთ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადონ. რასაკვირველია, ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ, იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადება არის, ერთი-ორი ნომრის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისთვის გადადონ. ამით მე მგონია, დიდი არაფერი დაშავდება.

მე მოწამე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდნენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, – საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპათიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდო. ძვირად თუ ვისმეს გავუწბილებივარ საყურადღებო  ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად გვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ. ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელი საჭიროებისა. ერთი სიტყვით, მთელმა საქართველომ დიდი პატივი დაგვდო და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი
სიმპათია გამოჰყვა ემიგრაციასაც, მაშინ ეს ჩემი წინადადება, დარწმუნებული ვარ, პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევვერთდეთ.

იქნებ ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოს. ღმერთმა ქნას! ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში და ამ დარგში დავიწყე მუშაობა. ამის გამო ზოგმა ჩემმა ყოფილმა შეგირდმა მომმართა წინადადებით იუბილის მოწყობისა, რაზედაც, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე: პირველად – იმიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია, – მე მხოლოდ ჩემს  ქართულ მოვალეობას ვასრულებდი; მეორედ – იმიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესი, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზე მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.

ნუვინ დამწამებს, თითქოს მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. არა, ძლიერ კარგად ვიცი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე  გაკეთებულა, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით.
მდიდრები ცოტა გვყვანდნენ და ვინც გვყვანდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი
ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა და თანაგრძნობა.

პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი
25 ნოემბერი, 1936 წ.
P. S. ვთხოვ სხვა ქართულ გამოცემას, გადაბეჭდონ ეს ჩემი მიმართვა.

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s