მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან… ილია და ის ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვრობდა. ვასო ქართველ
სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთი ასეთი საღამოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით „დარდუბლის კიდობანი“ დაერქმიათ მისთვის. ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ ელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება, თავისი სახლის ლიკვიდაციას აპირებდა (მგონი, ნევის  როსპექტზე ცხოვრობდა) და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავმჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა – წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუდენტობამ აგვირჩია და გაგვაგზავნა  სამი კაცი: მიხაკო ღვდლიევი [მღვდლიაშვილი. გ. ლ.] (შემდეგ ჩვენი სენატორი რომ იყო), ალექსანდრე ლორთქიფანიძე (მერაბის ძე, იასონისა და [მწერალ] ნიკოს უფროსი ძმა, იურისტი, მერე ქუთაისში ბანკირად იყო) და მე. მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთანავე გამახსენდა, ძალაუნებურად, ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ. ეს თაყაიშვილი მეფის „კონვოი“- ში მსახურობდა უწინ, ალექსანდრე მეორის დროს; ახლო კავშირი ჰქონდა ქართველ სტუდენტობასთან, დიდი ლიბერალი და თან პატრიოტი კაცი იყო; კარგად იცნობდა ახალ ქართულ ლიტერატურას და თაყვანს სცემდა ილიას, როგორც მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს; ძალიან კარგად გვიკითხავდა ხოლმე მის «კაცია-ადამიანს», «გლახის ნაამბობსა» და სხვა ნაწარმოებებს. ილია დიდხანს არ ენახა პირადად, მხოლოდ ერთხელ მოეკრა თვალი ქუთაისის ბულვარში, სხვებთან ერთად, და დასდევნებოდა, რომ კარგად დაეთვალიერებინა. მერე გვითხრა: „მრგვალი ტანითა და სისრულით მის მიერ აღწერილ თათქარიძეს ჩამოგავს, მაგრამ თვალები კი შესანიშნავი აქვსო“.

შეგვექმნა მსჯელობა „დარდუბლის კიდობნის“ გამო. ილია დიდხანს გვესაუბრა წერა-კითხვის საზოგადოების მიზნებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ და ბოლოს გვირჩია, თანხა იმ საზოგადოებისათვის გადაგვეცა – თუ შეწირულობად არა, შესანახავად მაინც. „აქ ეგ ფული უსათუოდ შემოგეხარჯებათ, ან არა და, ქართველების ჩვეულებისამებრ, აიშლებით, დაიშლებით და დაგეკარგებათო!“ აზრთა ხანგრძლივი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ შევთანხმდით, რომ ფული შესანახავად გადაეცემოდა წერა-კითხვის საზოგადოებას. ვასილ მაჩაბელმა პირადად წამოიღო თანხა, თბილისში რომ წამოვიდა, და დანიშნულებისამებრ ჩააბარა კიდეც. ოღონდ, ეტყობა, არ მოუთხოვია იმ თანხის ხელშეუხებლობა და საზოგადოებას ფული თავისი მიზნებისამებრ მოეხმარა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ დროს საზოგადოებას აღარ გააჩნდა ასეთი, ხელუხლებელი თანხა.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

უნივერსიტეტი რომ გავათავე, თბილისში ჩამოვედი და ლათინური ენის მასწავლებლად დავდექი სათავადაზნაურო სასწავლებელში, რომელსაც მაშინ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე განაგებდა (ქუთაისშივე, გიმნაზისტობისას ჩემი
კარგად მცნობი). ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ერთი თვეც არ გასულიყო, რომ ამბავი მოვიდა, სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლესო. ეს იყო 1887 წლის 24 ოქტომბერს. ამან, რა თქმა უნდა, თავზარი დაგვცა ყველას და მთელი ქართველობა ააღელვა. გადაწყვიტეს, ჩამოესვენებინათ ცხედარი და საკადრისი პატივით დაემარხათ მთაწმინდაზე. ამის მოსაწყობად შედგა კომისია, რომელშიც, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძეც დიდ მონაწილეობას იღებდა.

მთავრობის მიერ დაყრილი ხმა, ვითომც დიმიტრი ყიფიანი გაძარცვის მიზნით მოეკლათ, არავის არა სჯეროდა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ იგი რუსული ხელისუფლების აგენტების მიერ იყო მოკლული.

კომისიაში ამირჩიეს მეც. ვინ დამასახელა, აღარ მახსოვს. მაგრამ საერთოდ მაშინ უკვე ყველა ასეთ კომისიებში მასახელებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა იყო ასარჩევი ადამიანები. კომისიაში სულ თხუთმეტი კაცი იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე დამხმარეც აუარებელი გვყავდა. შევიმუშავეთ დაკრძალვის გეგმა. ჭირისუფლობა იკისრა განსვენებულის ნათესავმა დავით ყიფიანმა – ცნობილმა მოღვაწემ და კარგმა  კაცმა, თბილისში დიდად მიღებულმა ნოტარიუსმა, ილია ჭავჭავაძის, ივ. პოლტარაცკის, ალ. ჯაბადარისა და სხვათა მეგობარმა. ოფიციალური მიმოწერა, ნებართვის მიღება და სხვა ასეთი რამეები სულ მას დაეკისრა. მართალია, დიმიტრის დარჩა ვაჟი – კოტე, მაგრამ ის ვერ გაართმევდა თავს იმდენ საქმეს და თან პრესტიჟისთვისაც სჯობდა დავითისათვის დავალება იმეებისა.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

რასაკვირველია, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ დეპუტატები და სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები, ყველანი სამგლოვიარო ლენტებით შემოსილნი (მკლავებზე გაგვიკეთეს). დავხვდით ცხედარს ვერაზე, ჯვართან55. იქიდან დაიწყო პროცესია. კომისიის გეგმით, ცხედარი უნდა გამოგვეტარებინა გოლოვინის პროსპექტით56 ერევნის მოედნამდე57, მერე უნდა აგვეხვია სოლოლაკის ქუჩაზე58, მერე პეტრე დიდის ქუჩაზე59 და ისე უნდა ავსულიყავით მთაწმინდაზე. პოლიცია, რასაკვირველია, გამრავლებული იყო და ფეხზე იდგა.

დაიძრა პროცესია დავით ყიფიანის მეთაურობით. როგორც კი მივუახლოვდით გრიბოედოვის ქუჩის ასავალს, პოლიცია გადაგვეღობა და გამოგვიცხადა, რომ პროცესია გრიბოედოვის ქუჩით უნდა წავიდეს. შეიქნა ერთი ჩოჩქოლი, ხალხი წინ
მიმავალთ მიაწვა. ამასობაში ნიკო დიასამიძემ, რომელიც წაბლისფერ ტაიჭზე იჯდა ქართულად ჩოხაში გამოწყობილი, ცხენდაცხენ გაარღვია პოლიციის რაზმი და გასწია წინ. დავით ყიფიანიც მას გაჰყვა. პოლიცია წინ გადაუდგა სამღვდელოებას, რომელსაც მიუძღოდა ცნობილი ქართველი პატრიოტი, ბერი, ეპისკოპოზი ალექსანდრე ოქროპირიძე. ის საერთოდ თითქოს არ იყო გამბედავი კაცი, მაგრამ აქ კი ნამდვილად გამოიჩინა გამბედაობა. პოლიციის რაზმის მეთაურმა უთხრა: „Ваше преосвященство, приказано по Грибоедовской улице направить процессию!“ ალექსანდრე არ შედრკა და მიუგო: „Меня пригласили родные покойного; куда они последуют, и я за ними!“-ო და განაგრძო გზა. შემოსილი მღვდელმთავრის შეჩერება პოლიციამ ვეღარ გაბედა, თან ხალხიც მიაწვა, გაარღვია პოლიციელთა წყება და
მედგრად გასწია წინ. მთელ პროსპექტზე გაიმართა უზარმაზარი პროცესი. სასახლეს რომ მივუახლოვდით, განგებ შეაჩერეს ცხედარი და მიცვალებულის ლოცვა გადაიხადეს, დემონსტრატიულად. სასახლიდან არავის გამოუხედავს. მაშინ მთავარმართებლად იყო დონდუკოვ-კორსაკოვი. ამბობენ, რომ იმ დღეს ის არ იყო სასახლეში, თავისი ცოლის პანაშვიდზე წავიდაო ზემოთ, წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის ეკლესიაში.

სასახლიდან დაძრული პროცესია მოედანზე გავლით ავიდა სოლოლაკის ქუჩაზე, მერე შემოუხვია პეტრე დიდის ქუჩაზე, ხოლო იქიდან ერმოლოვის  ქუჩით ავიდა მთაწმინდაზე. ცხედარს, დავით ყიფიანთან ერთად, მიჰყვებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სხვა პოეტები და მწერლები, მიჰყვებოდა, რა თქმა უნდა, განსვენებულის მთელი ოჯახიც.
საფლავზე პირველი სიტყვა წარმოთქვა აკაკი წერეთელმა, რომელმაც დიმიტრი ყიფიანი გამოაცხადა საქართველოს მეორე დიმიტრი თავდადებულად და, რა თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ის ცნობილი მშვენიერი ლექსი რომა აქვს, „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტოო“, მაშინ არ უთქვამს, მერმე დაწერა. დიმიტრი ყიფიანს კი გულისხმობდა შიგ!

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

მოელოდნენ ილიას სიტყვასაც, მაგრამ მას არაფერი უთქვამს. ისე კი გვითხრა რამდენიმე კაცს: „რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!“ მართლაც, უამრავი ხალხი იყო დაკრძალვაზე მოსული, ნამდვილად
მთელი საქართველო! ილიას მიერ სიტყვით არ გამოსვლა ზოგმა მის სიფრთხილეს მიაწერა. ისიც კი გაიხსენეს, რომ ერთ დროს მას ყიფიანთან პოლემიკა ჰქონდა. მაგრამ ერთიცა და მეორეც, რა თქმა უნდა, ცილისწამება იყო…

ამრიგად, ეს გრანდიოზული პროცესია დიდი და გაბედული დემონსტრაცია იყო ქართველი ერისა ცარიზმის რეჟიმის წინააღმდეგ. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველობაზე და ერთგვარ საგონებელშიც ჩააგდო ხელისუფალნი.
მეორე დღეს მთავარმართებელმა მოიწვია საბჭოს სხდომა და თათბირობდნენ, თუ რით ეპასუხათ ამ გამოუთქმელ დემონსტრაციაზე. აზრთა დიდი გაცვლა-გამოცვლის შემდეგ დაასკვნეს, რომ რეპრესია დემონსტრაციის მომწყობთა მიმართ კიდევ მეტ გართულებას გამოიწვევს. რაც მოხდა, პოლიციის განცხადების მიმართ უბრალო წინააღმდეგობად ჩათვალეს, ჭირისუფალი დავით ყიფიანი 6 მანეთით დააჯარიმეს და ამით გათავდა საქმე.

ილია ჭავჭავაძე ჩემ დროს იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და გაზეთ „ივერია“-ს რედაქტორი. ეს სამი დაწესებულება წარმოადგენდა უმთავრეს ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მართალია, არსებობდა კიდევ ქართული დრამატიული საზოგადოება, მაგრამ ის სულს ღაფავდა. ხან აკაკი წერეთელი იყო მისი თავმჯდომარე, ხან – ვინ და ხან – ვინ; მალიმალ იცვლებოდნენ. საზოგადო მოღვაწენი ცოტანი იყვნენ. მართალია, გიმნაზიაში და მთავრობის
სხვა დაწესებულებებში კი მსახურობდა თითო-ოროლა ქართველი, რომლებსაც შეეძლოთ საზოგადო საქმიანობა, მაგრამ ისინი თავს არიდებდნენ ამას, რადგან დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ ჩაებმებოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ.

ილია თუმცა ითვლებოდა წერა-კითხვის საზოგადოების თავმჯდომარედ, მაგრამ სრულიად ვერ ესწრებოდა მის  ხდომებს. ჩემ დროს იქ მის მოადგილედ ითვლებოდა ვანო მაჩაბელი, რომელიც საადგილმამულო ბანკის დირექტორიც იყო. საზოგადოდ, მე რომ ჩამოვედი, პირველ ხანებში ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის არავითარი უსიამოვნება არ ყოფილა, ისინი თანხმობით მუშაობდნენ. ვანო მაჩაბელიც დიდი პატრიოტი იყო, ნიჭიერი, განათლებული, კარგი მუშაკი და თან სიმპათიური ადამიანი. ჩვენ საზოგადოებაშიც გავრცელებული იყო აზრი, რომ ილიას მემკვიდრე საზოგადო საქმეებში ვანო მაჩაბელი იქნებოდა: ის ბევრად  უმცროსი იყო ილიაზე. ილიასა და ვანოს შეხმატკბილებული მუშაობა ხომ, სხვათა შორის, იმაშიც გამოიხატა, რომ ერთად თარგმნეს „მეფე ლირი“.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

იმხანად ილიას უკვე ბევრი ემდუროდა, მუშაობას მოუკლო და დიდ დროს ანდომებს ქაღალდის თამაშსო. ზოგიერთი პირშიც ამხელდა, როცა ის წერა-კითხვის საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა ხოლმე. მახსოვს ექიმ ხუდადოვის
გამოსვლა ამ საზოგადოების წლიურ კრებაზე. ეს ის ხუდადოვი იყო (გორელი სომეხი, ქართველობდა), რომელმაც ტყე გააშენა კუკიის სასაფლაოს ზემოთ. სოციალისტური მიმართულების კაცი იყო, საზოგადო საქმიანობის მონაწილე. ადგა
ეს ხუდადოვი და რიხიანად უსაყვედურა ილიას: „ილიავ, სულ ძილი და ძილი არ შეიძლება! აღა რაფერს აკეთებ და ჩვენი საერთო საქმეც ვერ მიდის კარგადაო!“ ილიამ უპასუხა: „მე რომ მძინავს და მძინავს, ეს ყველასაგან ცნობილია, მაგრამ შენ ხომ გღვიძავს და ალბათ ბევრ რამეს აკეთებ; ჰოდა, ერთი გვაჩვენე, რა გაგიკეთებიაო?!“…

მერე მოხდა რაღაც კონფლიქტი ილიასა და ვანო მაჩაბელს შორის. როგორ დაიწყო იგი, რა იყო მისი მთავარი მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ის კი ცხადად ჩანდა, რომ სათავადაზნაურო ბანკის საქმე უკან-უკან მიდიოდა. ვანო მაჩაბელმა განაცხადა,
ილიამ დროზე არ იზრუნა ბანკის ბილეთების კონვერსიაზე და ამიტომ მსესხებელნი დავკარგეთო. ეს ნაწილობრივ მაინც იყო მართალი, მაგრამ იმას კი არ ითვალისწინებდნენ, რომ როცა ადამიანი წლოვანებაში შედის და დამძიმებას
იწყებს, მას ვეღარ მოვთხოვთ პირვანდელ ენერგიასა და შრომას; ეს ბუნების წესია. იმის მაგიერ, რომ ილიასათვის პენსია დაენიშნათ და ისე, პატივისცემითა და მათლობით აღენიშნათ მისი დამსახურება, და ამრიგად გამოეცვალათ თავმჯდომარე, მათ საზოგადო კენჭისყრით გაშვება მოუნდომეს და აშკარა წინააღმდეგნი გახდნენ მისი.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

ასე დაიწყო ე.წ. „ბანკოვიადა“. წლიური ანგარიშის განხილვა და შემდგომი ბიუჯეტის მიღება-დამტკიცება, რაც წინათ ორ-სამ სხდომაზე მოთავდებოდა ხოლმე, ახლა სამ თვეს გაგრძელდა. იმ კრებას „Долгий парламент“ დაარქვეს – ინგლისში
რომ იყო, იმის მსგავსად. ბჭობის დროს მრავლად აღმოჩნდნენ ისეთები, ვისაც თავისი ორატორული ნიჭის გამოჩენა მოუნდა, და უფრო ხშირად ისეთ საკითხებზე ჰქონდათ მსჯელობა, რომელთაც არაფერი ჰქონდათ საერთო ბანკის საქმეებთან. ბოლოს ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ თავის შეთხზულ ლექსებსაც ამბობდა კრებაზე. ერთი მათგანი, მგონი, ბაგრატიონის ქალი იყო; სხვებიც იყვნენ, მაგრამ გვარები აღარ მახსოვს. ზოგი ორატორი კი ხში რად გადაუხვევდა და ძირითად საგანს გვერდს აუვლიდა ხოლმე. მაგალითად, მ. მ. ერთხელ ისე შევიდა სიტყვის თქმის ექსტაზში, რომ დაწვრილებით მოგვითხრო, თუ როგორ აჰყვა ერთ საღამოს ძაღლების ყეფას და გადავიდა ხევსურეთში. ეს დაიხვიეს ხელზე და ხშირად ქირდავდნენ მას ფელეტონებში. ერთხელ ილიამაც დაუწერა: „მეც მეტი აღარ დამრჩენია-რა, მ-ვით უნდა ავყვე ძაღლების ყეფასო“. ილია საერთოდ ხშირად კენწლავდა ხოლმე მას: „აი, თავადმა მ- მა რომ მოგვახსენაო“, იტყოდა განზრახ. „არ არის თავადიო“, შესძახებდნენ აქეთ-იქიდან. „არ არისო? ჰოოო, იყოს მერე, რა გვენაღვლებაო!“

შეგნებული ქართველობა დარწმუნებული იყო, რომ ბანკისათვის ორივე ძალიან საჭიროა, ილიაცა და ვანო მაჩაბელიც, და ამიტომ აუცილებლად მიიჩნევდნენ, რომ ისინი როგორმე თანხმობით მოთავსებულიყვნენ თავ-თავიანთ ადგილებზე. საკითხისადმი ასეთი შეგნებული დამოკიდებულება არა ერთხელ დადასტურდა კენჭისყრითაც: ორივეს ირჩევდნენ ხმის უმეტესობით და ვერც ერთმა მეორე ვერ „გააშავა“. მაგრამ ბოლოს ძალზე არანორმალური მდგომარეობა შეიქმნა:
გაძნელდა ერთად მოთავსება ორი ადამიანისა, რომელნიც ერთიმეორეს ხმას არა სცემდნენ, თუმცა კი ერთისა და იმავე გამგეობის წევრები იყვნენ.

თითოელი „პარტია“ ცდილობდა, თავისი დამხმარე წევრი გაეყვანა მესამე დირექტორად. იმ დროს მაჩაბლის „პარტიაში“, სხვათა შორის, იყო გენერალი გიორგი თარხნიშვილი, ხოლო ბანკის მესამე დირექტორად ირიცხებოდა სანდრო ჩოლოყაშვილი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ინტელიგენტი კაცი იყო, მაგრამ ქართველობა სრულიად არ ეტყობოდა: ქართული არ იცოდა, უფრო გერმანული ემარჯვებოდა, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიას ეტანებოდა…

საერთოდ ილიაც, ისევე როგორც ყველა, ხშირად ურევდა ხოლმე საუბარში რუსულს; კერძოდ, ბანკშიც ხშირად გამოდიოდა რუსულად და მშვენივრადაც ლაპარაკობდა. თუმცა არა ერთხელ თითონვე შემოუღია წესად, – როდესაც მასთან ვიკრიბებოდით, ხუთშაბათობით, რედაქციის წევრები და სხვები (იმ დღეს რედაქციის სხდომა იყო ხოლმე მის ბინაზე) – ვინც ქართულ საუბარში უცხოურს გამოურევს, ერთი შაური უნდა გადაიხადოსო. ილია თვითონ მიაძახებდა ხოლმე, ვისაც წამოსცდებოდა: „შაური, შაური ამოყაჭეო!“ ასე იცოდა!… ისე სხდომა-საღამო არ გათავდებოდა, რომ ორი თუ სამი მანეთი არ შეგროვებულიყო. რასაკვირველია, თვითონაც ხშირად იხდიდა იმ შაურებს.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

მაჩაბლის „პარტიამ“ მოინდომა ჩოლოყაშვილის მაგიერ გიორგი თარხნიშვილის გაყვანა და კიდევაც მოახერხა ეს: თარხნიშვილი გახდა ბანკის მესამე დირექტორი. მაგრამ რაკი ფეხი მოიკიდა ბანკში, მაჩაბელს გადაუდგა, ილიას მიემხრო და ყველა საქმეში უჭერდა მას მხარს. მაჩაბლის მეორე დიდი მომხრე იყო დიმიტრი მუსხელიშვილი, ფრიად
წარჩინებული, არტილერიის გენერალი. მას მუდამ ქებით იხსენიებდნენ, კარგი სახელი ჰქონდა სამხედრო უწყებაში. თან კარგი პატრიოტი ქართველიც იყო, დედაენა კარგად იცოდა და დიდად განირჩეოდა ძმებისაგან. ამ უკანასკნელთაგანაც
ორი სამხედრო პირი იყო. ერთ მათგანს, ალექსანდრეს, ცოლად ჰყავდა ნიკო ღოღობერიძის და ანეტა. ალექსანდრე დაკოდილი [დაჭრილი] იყო რუსეთ- ოსმალეთის ომის დროს, ხუცუბნის ბრძოლაში. მე გავიცანი უკვე სამსახურიდან
გადამდგარი პოლკოვნიკი. მისი მეუღლე – შესანიშნავი, ჭკვიანი, პატიოსანი და დიდი ქველმოქმედი მანდილოსანი, ჩემი გიმნაზიელობის დროს თავმჯდომარეობდა კომიტეტს, რომელიც განაგებდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას. მეორე ძმას, გიორგის, აგრეთვე სამხედრო პირს, ბეჟან წერეთლის და ჰყავდა ცოლად. მესამე ძმა, სახელად მგონი ნიკო, არ ვიცი, წინათ რა მოხელე იყო, მაგრამ ჩემ დროს ყველა ამ ძმების მამულს განაგებდა. მათ საერთოდ დიდი მამული ჰქონდათ
ახალქალაქის მაზრაში. მუსხელიშვილებს იმიტომ ვიცნობდი კარგად, რომ ერთ წელიწადს რეპეტიტორად ვყავდი მიწვეული ალექსანდრეს, რომელიც უშვილო იყო და თავისი უფროსი ძმის, ნიკოს შვილსა ზრდიდა, ხოლო მისი მეუღლე ანეტა – თავისი ძმის სიმონ ღოღობერიძის ქალს. იმ ქალ-ვაჟს ვამეცადინებდი მე.

დიმიტრი მუსხელიშვილი ხშირად გამოდიოდა ბანკის სხდომაზე ილიას წინააღმდეგ და იტყოდა ხოლმე: „Илья производит давление на собрание“-ო. ილია  ხომ დიდი ოსტატი იყო პასუხების გაცემაში და ერთხელ წარმოსთქვა: „Я не понимаю, о каком давлении тут говорят? Физического давления никто не предпринимает, а если говорят о давлении ума, то против него бессильна вся артиллерия!“ ასე გადაჰკრა არტილერიის გენერალს თავისებური მწვავე მათრახი!

ილიას საზოგადოდ საოცრად მაგარი ნერვები ჰქონდა, ხოლო ვანო მაჩაბელი, პირიქით, ერთობ ფიცხი ადამიანი იყო. ილიამ თავის სიტყვებში მოწინააღმდეგის დანდობა და განკითხვა არ იცოდა. მაჩაბელსაც არ ზოგავდა და ისე გამოჰყავდა მისი
ნათქვამი, თითქოს ყველაფერი აბსურდი ყოფილიყოს. ერთხელ ისე აიგდო, რომ რუსულ სათამაშო, „Ванька–встань-ка“-საც კი შეადარა. საერთოდ კი ამ ბრძოლამ ილია, ბოლოს და ბოლოს, გამოაცოცხლა. თუ ერთ დროს ის მართლაც მიძინებულ ლომს წარმოადგენდა, ახლა ლომმა გაიღვიძა,  გაშალა ბრჭყალები და მიფანტ-მოფანტა წინააღმდეგნი. ნერვიულმა ვანო მაჩაბელმა კი ეს ბრძოლა ფიზიკურად ვერ გადაიტანა. თუმცა კენჭისყრით არ გაშავებულა, თავისი ნებით განაცხადა, რომ შორდება ბანკს და მოშორდა კიდევაც, დემონსტრატიულად დასტოვა კრება. ილიამ განაცხადა: „მე მასავით არ გავიქცევი;
მანამ თქვენი ნდობა მაქვს, აქა ვარ და აქ ვიქნებიო!“

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

შემდგომი ისტორია ცნობილია: ვანო მაჩაბელმა თავისი ცოლისძმის, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, ბაგრატიონის დახმარებით შეადგინა ქართლის თავად-აზნაურობის სინდიკატი (ისინი ქართლელი ბაგრატიონები იყვნენ, მგონი მუხრანის შტოისა, მაგრამ უფრო შორებულნი, და ამიტომ არც ეწოდებოდათ
მუხრანელები)61. სინდიკატის წევრებს მასში შეჰქონდათ თავიანთი შემოსავალი. ვანო მაჩაბელი მისი დირექტორი იყო, მაგრამ ჯამაგირი, რასაკვირველია, შედარებით მცირე ჰქონდა. მერე დაავადმყოფდა, რაღაც ბრონქიტი დაემართა, და
ბოლოს – ისე მოულოდნელად და საარაკოდ გაქრა, დაიკარგა: ერთ დღეს, დილაადრიან შინიდან გამოსული, აღარ დაბრუნებულა. ძებნის ყოველი ცდა უშედეგოდ დარჩა. ათასგვარი ჭორი გავრცელდა და ეს საკითხი დღემდის
გამოურკვეველია. აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, დიდი მომხრე იყო ვანო მაჩაბლისა და ბოლო დროს მასთანაც ედო ბინა. მაგრამ მას ბანკის საქმეებში არავითარი დახმარების გაწევა არ შეეძლო ვანოსათვის. საერთო დ, აკაკის ყოველთვის სჩვეოდა ენამწარეობა, ისე რომ ზოგჯერ თავის მოყვარეთა ძვირსაც ამბობდა ხოლმე. ამის გამო აფორიზმი
იყო გავრცელებული და ერთხელ ვალერიან გუნიას გაზეთშიც კი გამოქვეყნდა: „ღმერთმა გვაშოროს ილიას მტრობა და აკაკის მოყვრობაო!…“ ილიამ იცოდა, გურიაში რომ იტყვიან, „მეზერში ჩასდევდა“, მაგრამ – მტერს, ხოლო აკაკი თავის
მახლობელსა და მოკეთესაც კი არ დაზოგავდა ხოლმე… მაჩაბლის ბედის შესახებ აკაკისაგან ბევრს მოელოდა ხალხი, მაგას ეცოდინებაო, მაგრამ ვერაფერს გაიგებდი: ხან რას იტყოდა – წყალშიაო, ხან რასა და ხან რას!…

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, პირველ ორ წელიწადს ილიას იშვიათად ვხედავდი ხოლმე, მარტოოდენ კრებებზე. სხვაგან მას ვერსად ვხვდებოდი და არც მის რედაქციაში დავდიოდი. მხოლოდ ერთხელ ვნახე,
მახსოვს, სხვებთან ერთად, შემთხვევით, რედაქციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე იმყოფებოდა. იმ საღამოს სულ იმაზე იყო საუბარი, თუ რა დიდად ავნო ნიკო ნიკოლაძის სტატიამ, გაზეთ „Обзор“-ში დაბეჭდილმა, გიორგი ქართველიშვილსა და ზეზემანს. სტატიაში აღწერილი იყო წარმოუდგენელი ნიაღვარი ატენის ხეობაში, სადაც აღნიშნული პირები ერისთავისაგან იჯარით აღებულ ტყეს ამუშავებდნენ: ნიაღვარმა აუარებელი დამუშავებული ხე-ტყე
იმსხვერპლა, მოიტაცა და ადიდებულ მტკვარს შერთოო. ამან დიდი ზარალი მიაყენა ქართველიშვილსა და ზეზემანს და მათი წარმოებაც შეწყდა. ნიკოლაძეს დიდად კიცხავდნენ, რაკი თავის სტატიაში საჯაროდ განაცხადა მათი ზარალი და ამით მოიჯარადრეებს კომერციული ნდობა დაუკარგა. მაშინ ხომ კომერციულ საქმიანობაში ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა! მათ ალბათ ბანკიდან სესხი ექნებოდათ აღებული და გაზეთი თუ გაუმჟღავნებდა ზარალს, შემდგომ სესხს ვეღარ მიიღებდნენ. ილია ამბობდა, ნიკოლაძეს ეს არ უნდა ჩაედინაო…

„ივერიის“ რედაქცია შემდეგ გადავიდა ავჭალის ქუჩის63 დასაწყისში, სულ ახალ სახლში, რომელიც აშენებული იყო ილიას თაოსნობით და მისი დის ელისაბედის, საგინაშვილის ქვრივის საფასით. ილიამ ამ თავისი დის ხარჯითა და მის
სახელობაზე ორი სახლი ააშენა. ეს იმ ადგილასაა, რომელსაც ვორონცოვის ხიდი პირდაპირ უცქერის. ერთი სახლი ავჭალის ქუჩაზე გამოდიოდა, მეორე – უკანა ქუჩაზე. მაშინ თბილისში შენობის აგება იაფი იყო. არსებობდა სახლთა
მაშენებლების რამდენიმე არტელი, რომლებიც ყველა სამუშაოს თითონ კისრულობდნენ და მზა-მზარეულს აბარებდნენ პატრონს. შემდეგ პატრონები ამ სახლებს ბანკში აგირავებდნენ და მეტწილად ამით იხდიდნენ აშენების ფასს. გირაოს საფასურის შეტანა კი 20–30 წლობით გრძელდებოდა, ასე რომ, არ უძნელდებოდათ. მახსოვს, ილიამ გვიამბო, თუ რა შესანიშნავად, ღირსეულად აუშენა ქართველთა არტელმა ის ორი სახლი – სრულიად ყოველისფრით დამთავრებული – და ბინათა გასაღებები ჩააბარა მას.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

პირველ სახლში მოთავსდა ილიას სახლობა, ე.ი. თვით ილია, მისი მეუღლე ოლგა თადეოზის ასული და ილიას და ელისაბედი. შვილი არც ერთს არა ჰყავდა. სახლი ორსართულიანი იყო, მაგრამ სარდაფიცა ჰქონდა, ხოლო შიგნით, ეზოში,
მარცხნივ – ორსართულიანი წაგრძელებული დერეფანი, ფლიგელივით. სარდაფსა და დერეფნის ქვედა სართულში გაზეთ „ივერიის“ სტამბა იყო. პირველი შენობის ზედა სართული საგანგებოდ აშენდა ილიას ოჯახისათვის. მისი კაბინეტის
კედლები, შესავალს მარცხნივ, დამშვენებული იყო ისტორიული სურათებით: შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის პორტრეტებით და სხვ. დანარჩენი სამი ბინა – ზედა სართულის მარჯვენა მხარე, პირველი სართული და
აგრეთვე ილიას ბინის ქვემოთ მდებარე ბინა – გაქირავებული ჰქონდათ. ზედა მარჯვენა ბინაში, მახსოვს ვექილი ალექსანდრე ჭყონია იდგა. სხვა მდგმურები ვინ იყვნენ, არ მაგონდება. ილიას ბინა ფართო ოთახებისაგან შედგებოდა. ეზოს მხრით მას შუშაბანდიანი აივანიც ჰქონდა, ზაფხულობით შუშაბანდს ჩამოიღებდნენ და ზამთრობით ისევ ჩადგამდნენ ხოლმე. დიდი მისაღები დარბაზი ორად იყო გაყოფილი: პირველი ნაწილი მამაკაცებისათვის იყო, მეორე კი ქალების მისაღებს წარმოადგენდა. ამ მისაღებ დარბაზს გასწვრივ, შუშაბანდისაკენ, დიდი სასადილო ოთახი იყო. მასში ხუთშაბათობით იმართებოდა ხოლმე საღამო რედაქციის წევრებისა და თანამშრომლებისათვის, რომელსაც ესწრებოდნენ ილიას სხვა (ბანკისა და ა.შ.) თანამშრომლები თუ მეგობრებიც. იმ საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტებისა და ლიტერატორთა ახალ ნაწარმოებებს, სტატიებს; იყო მსჯელობა იმდროული ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო თავდებოდა უბრალო ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო ილიას მუდამ საგურამოს მამულიდან ჰქონდა  (ახლა რომ მწერალთა სახლი ყოფილა).

ილიას იმ ხუთშაბათ-საღამოებს მე ვესწრებოდი 1890 წლიდან, მას შემდეგ, რაც „ივერია“-ში თანამშრომლობა დავიწყე და ჩემი „სამი ისტორიული ხრონიკა“ გამოვიდა. ვახშამზე თამადად ყოველთვის ანტონ ფურცელაძე იყო ხოლმე… თუმცა ძალიან მჭევრმეტყველი არ ეთქმოდა… იგი ილიას ძალიან პატივს სცემდა. „ბანკოვიადა“ რომ შეიქნა მაჩაბელსა და ილიას შორის (განსაკუთრებით 1893–1894 წლებში), ანტონმა მაგრად დაუჭირა მხარი ილიას და ამით დაუახლოვდა მას. წი ნათ ის დამფასებლად იყო საადგილმამულო ბანკში, მაგრამ მერმე დირექტორადაც გავიდა, ხოლო ილიას შემდეგ – რამდენადაც მახსოვს – ბანკის თავმჯდომარედაც კი… რაც შეეხება მის შემოქმედებას, ანტონი პისარევის მიმდევარი მწერალი იყო, ნიღილისტური მიმართულებისა… ილიას „ხუთშაბათობა“ დემოკრატიული საღამოები იყო, მაგრამ მას სხვა, უფრო არისტოკრატიული საღამოებიც ჰქონდა ხოლმე. იგი დიდად მიღებული იყო იმ წრეში, რომელშიც შედიოდნენ ქართველი დიდრონი თავადები: თბილისის გუბერნატორი შარვაშიძე, გენერალი ნინიკა (ნიკა) ამილახვარი, გენერალი ზაქარია ჭავჭავაძე (დიდი გენერალი იყო, კორპუსის ყოფილი მეთაური; მის ვაჟიშვილს მაქსი ერქვა სახელად, ქალიშვილი ერთ რუმინელს ჰყავდა ცოლად) და სხვები. ისინი ჩვეულებრივ აწყობდნენ ე. წ. „ჟურ-ფიქსებს“ და ილიას იწვევდნენ ხოლმე. მასაც,
რასაკვირველია, სამაგიერო უნდა გადაეხადა და იხდიდა კიდევაც. მაგრამ ასეთ წვეულებაში ქართველი დემოკრატების გარევა მათთვისვე იქნებოდა უხერხული და ილია არც ურევდა.

ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

საზოგადოდ, მთავრობის უმაღლესი წრეები გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ ილიას, ყურს უგდებდნენ მის აზრსა და შუამდგომლობას. მაგრამ ილია მაინც წინდახედული იყო, და თუ რომელიმე უმაღლესი ხელისუფალი უხეშად იქცეოდა,
მასთან არავითარ ურთიერთობას არ იქონიებდა, არც ეჩვენებოდა და არც საქმისათვის მივიდოდა. მაგალითად, მთავარმართებელი გოლიცინი ცნობილი იყო, როგორც ნამდვილი „სოლდაფონი“: ვინც არ უნდა ხლებოდა, ყველას უყვიროდა და უკმეხად ელაპარაკებოდა. ისე წავიდა ის გოლიცინი თბილისიდან, რომ ილიას არც გაუცნია იგი და არც რაიმე საქმეზე მისულა, თუმცა თვით გოლიცინს ეწადა მისი  გაცნობა და არა ერთხელ უთქვამს თავისი ადიუტანტის, საშიკო ორბელიანისათვის, „გამაცანით ილიაო!“ ვორონცოვ-დაშკოვთან და მის წინამორბედ შერემეტიევთან კი
ილია დაახლოებული იყო და ხშირად ქაღალდსაც კი ეთამაშებოდა ხოლმე. ერთხელ თეატრში ყოფილიყო გოლიცინი და თანმხლებ საშიკო ორბელიანს დაენახვებინა შორიდან, მათ პირდაპირ ლოჟაში მჯდარი ილია. გოლიცინს დურბინდით შეეხედა  ილიასათვის და ეთქვა: „რა შესანიშნავი თვალები აქვსო!“ ერთადერთი ქართველი არისტოკრატი, რომელიც გოლიცინთან დაიარებოდა, კონსტანტინე (კოწია) მუხრანსკი იყო. გოლიცინიც დადიოდა მის ოჯახში და ძალიან უნდოდა, რომ კოწია გამხდარიყო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

ადრე წინამძღოლად იყო დავით მელიქიშვილი, რომელიც მანამდე ადიუტანტად ჰყავდა მეფისნაცვალსა თუ  თავარმართებელს (ძნელი გასახსენებელია, ხან ერთი ერქვა იმ თანამდებობას და ხან მეორე!). გოლიცინი მასაც უხეშად მოექცა, უყვიროდა ხოლმე და მელიქიშვილმა გათავისუფლება ითხოვა, სამსახურს თავი დაანება. ეს მით უფრო  ღსანიშნავია, რომ მელიქიშვილი ძმისწული იყო ყოფილი მთავარმართებლის მოადგილისა და თან დიდი მომხრე იმისა, რომ ქართველობას რუსეთის მთავრობასთან ლოიალური დამოკიდებულება ჰქონოდა. ხშირად ამბობდა – ლოიალური ქცევით ბევრ რასმე გამოვიტანთ რუსებისაგან, ხოლო ოპოზიციური ქცევით ყველაფერს დავკარგავთო. იგი დიდი მეგობარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის ვიტესი (რომელიც თბილისელი იყო) და იმას ეუბნებოდა ხოლმე, – ეს ვინ გამოგვიგზავნეთ მთავარმართებლად, ნორმალური  კაცი არ არის, გადარეულიაო.

ილია ჭავჭავაძე დუშეთის საზოგადოებაში (მეორე რიგში, მარჯვნიდან მესამე)

ილია ჭავჭავაძე დუშეთის საზოგადოებაში (მეორე რიგში, მარჯვნიდან მესამე)

ერთადერთი ქართველი, შედარებით დაბალი წრის წარმომადგენელი, რომელიც დადიოდა გოლიცინთან, იყო დავით სარაჯიშვილი – ჩვენებური ბურჟუაზიის მეთაური. გოლიცინის ძმა დიდი მეურნე იყო, ღვინისა და შამპანურის საქმეს განაგებდა ყირიმში და ძალიან მეგობრობდა სარაჯიშვილს. როდესაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ მას გოლიცინის ძმისათვის 70.000 მანეთი ესესხებინა და ის ფული სრულიად დაიკარგა. მემკვიდრეებმა ვერაფერი
მიიღეს… თუმცა ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდა გოლიცინთან და მის ძმასთან სარაჯიშვილს, მაგრამ ერთხელ ისიც ჩავარდა, რომ იტყვიან „ხათაბალაში“. საქმე ასე იყო: როგორც ცნობილია, სომხის ეკლესიას ძველი დროიდანვე უამრავი უძრავი ქონება-მამულები ჰქონდა და დიდ შემოსავალსაც იღებდა იქიდან. მათ განაგებდა სომეხთა პატრიარქი და შემოსავალს მეტწილად სკოლებს ახმარდა: მთელი მათი მხარე მოფენილი იყო სასულიერო სასწავლებლებით. გოლიცინის წინადადებით, მთავრობამ ჩამოართვა სომხის ეკლესიას ეს უძრავი ქონება და გადარიცხა სახელმწიფო ფონდში (ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი ქონება დიდი ხნის ჩამორთმეული ჰქონდა). სომხები ბევრს ეხვეწნენ და ემუდარნენ, დაგვიბრუნეთო, მაგრამ არაფერმა გასჭრა. მაშინ მათ გადაწყვიტეს გოლიცინის მოკვლა – როგორც ამბობდნენ, ნაქირავები, ოსმალეთიდან ჩამოსული დაშნაკების ხელით. თავს დაესხნენ იქ, სადაც კოჯრის გზა იწყება და თავდება გოლიცინის მიერ გაყვანილი ძალიან კარგი ასასვლელით, რომელიც მანამდე ნამეტანი აღმართიანი იყო (ამის მეტი კარგი საქმე ჩვენში გოლიცინს არ გაუკეთებია). იმ გზით უყვარდა ხოლმე თითონ ეტლით გასეირნება კოჯრისაკენ. გოლიცინი ვერ მოკლეს, მაგრამ სასტიკად კი დაჩეხეს სატევრებით, სულ თავ-პირში ურტყეს. თავდამსხმელები კაზაკებმა
დახოცეს. დაჭრილი და თავ-ყბაშეხვეული გოლიცინი კი სასახლეში იწვა. მთელმა ჩინოვნიკობამ და მეგობრებმა, რა თქმა უნდა, თანაგრძნობა გამოუცხადეს. დავით სარაჯიშვილიც, როგორც ოჯახის მეგობარი (მის ცოლთანაც კარგად იყო), ეახლა თანაგრძნობის გამოსაცხადებლად და ნუგეშიხ საცემად. სხვათა შორის, ასეთი რამეც უთხრა: „Ваше сиятельство (გოლიცინი თავადი იყო), нужно быть очень осторожным, мало ли сумасшедших на свете?“ ამის გაგონებაზე გოლიცინმა თურმე უყვირა: „Ах, вы сумасшедшими называете людей, которых армяне подкупили и направили для моего убийства?!“ ცოლიც შეწუხდა, დავითს ენა ჩაუვარდა და აღარ იცოდა, რა ექნა. ცოლს  უთხრა, მე ნუგეშისცემა მინდოდა, სხვა არაფერი, მომეხმარე, რამენაირად დაამშვიდეო!… ძალიან დამახასიათებელი ამბავია! ვერაფერი ნუგეში გამოუვიდა! ეს გახლავთ ნაწყვეტი. მისი სრული სახის სანახავდ იხ. ეს >>> (გვ. 249)

წყარო: “ქართული ემიგრანტული ლიტერატურა

დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა”
მრავალტომეული
1
გურამ შარაძის საერთო რედაქციით
თბილისი 1991

One response to “მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე

  1. გამოხმაურება: ემიგრანტული ნაშრომები (ტომი I) | ექვთიმე თაყაიშვილი·

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s