ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის გზა (მოკლე მიმოხილვა)

1953 წლის 21 თებერვალი … გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილი. იგი გულით დაიტირა ქართველმა ხალხმა,
მაგრამ … ცხედარი ორმოციოდე კაცმა თუ გააცილა და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალა. საქართველომ იცოდა ფასი გარდაცვლილისა, მაგრამ … მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო ეს დაფასება მხოლოდ მომავალში წარმოჩნდა. სულ რაღაც
ათიოდე წლის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის პანთეონში გადმოსვენდა. გარკვეული დროის შემდეგ
საფრანგეთიდან გადმოასვენეს და იქვე დაკრძალეს მისი მეუღლე ნინო პოლტორაცკაია. ამჯერად ექვთიმე და ნინო
თაყაიშვილების საუკუნო სასუფეველი მთაწმინდის პანთეონშია.

დღესდღეობით ჭეშმარიტად დაფასდა დიდი მამულიშვილისა და მეცნიერის ღვაწლი – შრომა, რომელსაც შეეწირა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულში დაფერფლილი დიდი სიცოცხლე. საყოველთაოდაა აღიარებული და შორსაა გატანილი ექვთიმე თაყაიშვილის მოწამებრივი ცხოვრების
ამბავი, დაიდგა ძეგლი (ავტორი ანზორ გომართელი), დაიწერა წიგნები (შალვა ამირანაშვილი, აკაკი სურგულაძე, გივი
ჟორდანია, როინ მეტრეველი, შოთა ბადრიძე და სხვ.). მეცნიერის უკვდავყოფას განსაკუთრებული ამაგი დასდო
რევაზ თაბუკაშვილმა შესანიშნავი ფილმით `საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი~. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება
სანიმუშოა ყველასათვის, მისი მაგალითით უნდა გაიზარდოს ჩვენი ახალგაზრდობაც – შეიგრძნოს სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულის ძალა და მისთვის, მის სამსახურში თუნდაც  სიცოცხლის ნაწილის დახარჯვით მიღებული სიამაყის
სიამოვნება.

ექვთიმე თაყაიშვილი – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – ერთი მთლიანი განუყოფელი ფენომენია, ჭეშმარიტი ნიმუშია
სამშობლოსათვის თავდადებისა და უანგარო სამსახურისა: იგი სამოღვაწეო ასპარეზზე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, ცარიზმის ბატონობის მძიმე პირობებში გამოვიდა და გვერდით დაუდგა ქართული ისტორიოგრაფიის იმ სახელოვან წარმომადგენლებს, რომლებმაც ნაყოფიერი მუშაობა გაშალეს ეროვნული ისტორიის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი წყაროების შეკრების, მეცნიერული შესწავლისა და გამოცემისათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა პირველმა ჩააყენა საქართველოს ისტორიის სამსახურში მდიდარი ქართული დოკუმენტური მასალა, ქართული ეპიგრაფიკა, მანამდე
შეუსწავლელი ქართული ხელნაწერები და მათი ანდერძმინაწერები, ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები და
ყოველივე ამით მყარი ნიადაგი მოუმზადა ქართული ისტორიის მეცნიერების აღმავლობას.

დღეს, XXI საუკუნის გადმოსახედიდან განსაკუთრებული ელვარებით მოჩანს დიდი ექვთიმე. რომელიღაც ფილოსოფოსს
უთქვამს, `ისტორია აღდგომა-აღორძინება არისო~. ისტორიის ამგვარი დეფინიცია, რა თქმა უნდა, სადავოა, თუმცა ე.
თაყაიშვილის ბედს იგი საოცრად ესადაგება.

ექვთიმე თაყაიშვილი 1863 წლის 5 იანვარს (ძველი სტილით) დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბავშვობა ობლობაში გაატარა. სამიოდე წლის ექვთიმეს საბედისწერო მარცხი მოსვლია: ხიდან გადმოვარდნილა და მარჯვენა ფეხი მოუტეხია. ბავშვისთვის ყურადღება დაუკლიათ და იგი სამუდამოდ დაკოჭლებულა. 7 წლის ექვთიმე ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში შეიყვანეს. აქ მაშინ მასწავლებლობდა დეკანოზი სიმონ ქიქოძე, ცნობილი ქართველი მოღვაწის გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა, რომელიც საღმრთო რჯულს ასწავლიდა. მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ექვთიმე თაყაიშვილზე. სიმონ ქიქოძე ბავშვებს ასწავლიდა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსებს. ოზურგეთში სწავლისას დაუახლოვდნენ ერთმანეთს ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი, მომავალში კი ეს ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა.

შემდეგ ექვთიმე სწავლას ქუთაისის გიმნაზიაში აგრძელებს, რომელიც 1883 წელს დაამთავრა და პეტერბურგის უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრა. აქ იგი ისტორიაფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა მსმენელად. ექვთიმე
თაყაიშვილი მონდომებით მეცადინეობდა, ეწაფებოდა ცოდნას. მას ღრმად სჯეროდა, რომ ვერ ჩადგებოდა ერის სამსახურში, თუ მრავალმხრივ მომზადებული არ იქნებოდა. 1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა და საქართველოსკენ გამოსწია.

1887-1894 წლებში მასწავლებლობს თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში. ასწავლის ბერძნულ და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას. 1894-1904 წლებში სათავადაზნაურო გიმნაზიას განაგებს. ექვთიმე თაყაიშვილი უახლოვდება დიმიტრი ბაქრაძეს, რომელიც იმხანად  ღვწოდა საქართველოს ეკლესიამონასტრებში დაცულ სიძველეთა შეკრება-დამუშავებისა და შეძლებისდაგვარად გამოქვეყნებისთვისაც. `იმხანად, – წერს ე. თაყაიშვილი, – უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი … შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორიაარქეოლოგიისათვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ იმ პერიოდში, იმ რწმენით, რომ … ჩვენში გამოჩნდებოდნენ მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიგროვებდნენ საქართველოს ისტორიას, აგვიშუქებდნენ იმ მართლაცდა დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში.

ჯერ კიდევ პეტერბურგის უნივერსიტეტის უკანასკნელი კურსის სტუდენტი იყო ექვთიმე, როცა იგი დაუსწრებლად აირჩიეს `წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების~ გამგეობის წევრად. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი მთელი არსებით ებმება საზოგადოების მუშაობაში. მისი ენერგიის წყალობით გროვდება ძვირფასი წიგნები,  იგელგუჯრები, სხვადასხვაგვარი სიძველენი.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი, ეპიგრაფიკის მკვლევარი, მთხრელი არქეოლოგი, ქართული მწერლობისა და ხალხური სიტყვიერების, ისტორიული გეოგრაფიისა და სამართლის ისტორიის მკვლევარი. ერთი სიტყვით, იგი იყო ჭეშმარიტი ისტორიკოსი, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

რევოლუციამდელი საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომელმაც მიზნად აისახა საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა. ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოების დაარსების უმალ შემოიკრიბა თითქმის მთელი ქართველი ინტელიგენცია (აკაკი წერეთელი, ვაჟა-შაველა, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მრავალი სხვ.). საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მის შექმნას დიდირეზონანსი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ყველა განათლებული ქართველი თავის მოვალეობად თვლიდა საზოგადოების წევრი გამხდარიყო და რაიმე ამაგი დაედო მისთვის. ფართო ხასიათის მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი ავტორიტეტი შეუქმნა საზოგადოებას. შემთხვევითი არ არის, რომ იგი ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიება როგორც `ერთადერთი დაწესებულება, რომელიც სამეცნიერო აკადემიის მიზნებს ახორციელებს~.

სხვა საქმიანობასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადო კრებებს, სადაც იმ დროს გამოჩენილი ქართველი მეცნიერები დამსწრე საზოგადოებრიობას აცნობდნენ თავიანთი გამოკვლევების შედეგებს. იმართებოდა მოხსენებების განხილვა, რასაც პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა _ ამკვიდრებდა სწორ მეცნიერულ აზრს. ექვთიმე თაყაიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სხვადასხვაგვარი ექსპედიციების მოწყობას. მიიჩნევდა, რომ საქართველოს მდიდარი წარსულის და მეტად საინტერესო აწმყოს შესწავლა კარგად ორგანიზებული ექსპედიციებით შეიძლებოდა. საზოგადოება დაარსების უმალ შეუდგა ამ საქმიანობას და მის წევრებს საშუალება მისცა მრავლად მოეწყოთ ექსკურსია-ექსპედიციები, რომელთა მიზანი იყო არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება, ისტორიული ძეგლების შესწავლა, ხალხური სიტყვიერების მასალის შეკრება. ყველა ამ საქმის თაოსანი და ულისჩამდგმელი ექვთიმე თაყაიშვილი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილი საზოგადოების დაარსების პირველი დღეებიდანვე შეუდგა გამოცემათა თადარიგს: გამოსცა ორი სერია _ `ძველი საქართველო~ და `საქართველოს სიძველენი~. პირველ ათგანში იბეჭდებოდა გამოკვლევები, რეფერატები და სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა, ხოლო მეორეში _ სიგელ-გუჯრები, ისტორიული წერილები და სხვა აქტები. `საქართველოს სიძველენის~ პირველი ტომი ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოების დაარსებამდე გამოსცა. მეორე, მესამე და მეოთხე ტომებში დაიბეჭდა 1527 სიგელ-გუჯარი. `ძველ საქართველოში~ დაიბეჭდა 2000 ხალხური ლექსი, 1385 არაკი, 115 გამოცანა, 16 სიმღერა, 33 ზღაპარი, 4 ქმულება და სხვ. საზოგადოება დიდ ყურადღებას უთმობდა სამუზეუმო საქმიანობას და სალექსიკონო მუშაობას.

ექვთიმე აყაიშვილი ხშირად გამოდიოდა მეცნიერული მოხსენებებით. მის ყოველ ნაშრომში იგრძნობა უდიდესი ერუდიცია, მასალის ღრმა ცოდნა, მეცნიერული კეთილსინდისიერება. მისმა ღრმა მეცნიერულმა და მეტად მნიშვნელოვანი მასალების შემცველმა ნაშრომმა `მასალები კავკასიის არქეოლოგიისათვის~ იმთავითვე მიიპყრო ფართოსაზოგადოებრიობის ყურადღება. მას მაღალი შეფასება მისცა რუსეთის საიმპერატორო არქეოლოგიურმა საზოგადოებამ და 1911 წლის 28 მარტს საზოგადოების დიდი მედლით დააჯილდოვა.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი ქართული უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად
იმთავითვე იყო არჩეული `ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების~ კომისიაში. უნივერსიტეტის წესდების შესადგენად და სხვა სახის საორგანიზაციო მუშაობის ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა კომისია, რომლის შემადგენლობაში ე. თაყაიშვილიც იყო. როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტილით) უნივერსიტეტი გაიხსნა.
ექვთიმე თაყაიშვილი კითხულობდა ლექციებს არქეოლოგიაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დიდი გულისხმიერება,
რომლითაც იგი თავის სალექციო მოღვაწეობას ეკიდებოდა. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ
ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის ხარისხი. 1920 წლისათვის ე. თაყაიშვილის ლექციები საქართველოს სიძველეებს შეეხებოდა. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი უნივერსიტეტში ახლად შემოსულთათვის იყო და
მოიცავდა შესავალს საქართველოს სიძველეებისას _ ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანას ზოგადად და, კერძოდ,
საქართველოში, და საქართველოს ისტორიული დროის სიძველეთა ზოგად მიმოხილვას. ამასთან ერთად მეცნიერი
კითხულობდა ეპიგრაფიკას და ეკლესია-მონასტრების ისტორიას.

ექვთიმე თაყაიშვილი მეტად მომთხოვნი ლექტორი იყო. მის პირად არქივში დაცულია პროგრამა სტუდენტების გამოცდისა საქართველოს სიძველეთა ცოდნაში. ასე მაგალითად, პირველი ოთხი სემესტრის ბოლოს სტუდენტს უნდა სცოდნოდა: I. ისტორიის წინა დროის კულტურა საზოგადოდ, ისტორიის წინა დროის ხანა საქართველოში და, საზოგადოდ, კავკასიაში, ქვის საუკუნე, ბრინჯაოსა და რკინის საუკუნეები. II. ისტორიული დროის საქართველოში უძველესი მწერლობის ნაშთები, ხელნაწერები, სიგელ-გუჯრები და უძველესი წარწერები, ქართული წელთაღრიცხვა. III. საქართველოს თვალსაჩინო ეკლესია-მონასტრების მოკლე ისტორია.

ექვთიმე თაყაიშვილს თავის პროგრამაში ხაზგასმული აქვს აგრეთვე ისიც, თუ რის ცოდნა მოეთხოვებოდათ სტუდენტებს13 შემდგომი ოთხი სემესტრის ბოლოს: საქართველოს ხუროთმოძღვრების ნაშთები და მათი შემკობილობა,
ქანდაკება, ჩუქურთმა, ფრესკა. ეპიგრაფიკის ასომთავრული და ნუსხახუცური ხელნაწერები და ძველი მხედრული სიგელგუჯრების, აგრეთვე ოქრომჭედლობის განვითარება საქართველოში.

ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის დროსაც არ ივიწყებდა საქართველოს
სიძველეებს და მათ დაცვა-შესწავლას. თბილისის უნივერსიტეტში მოღვაწეობის წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.

ექვთიმე თაყაიშვილსა და მის თანამედროვეებს `არქეოლოგია~ ფართოდ ესმოდათ. კერძოდ, მასში გულისხმობდნენ
ტაძართა და საეკლესიო წიგნთა აღწერას, წარწერების გადმოღებას, ამოკითხვასა და აღწერას, მიწაში დაფლული ნაშთების გათხრას და სხვა. ამდენად, ბუნებრივია, ასეთი ფართო საქმიანობის გასაშლელად ბევრი უნდა ემოგზაურათ
ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და, მიუხედავად იმისა, რომ ექვთიმე თაყაიშვილს მძიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდა, მას არ
დაუტოვებია საქართველოს არც ერთი კუთხე, ფეხით რომ არმოევლოს, აქ არსებული ყველა ისტორიული ძეგლი არ
აღეწეროს და არ შეესწავლოს. ამიტომ არის ასე ფასდაუდებელი მისი არქეოლოგიური მოგზაურობანი. ექვთიმე
თაყაიშვილი იხსენებს: `ერთი სიტყვით, საზოგადოების (წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება _ რ. მ.) წევრი რომ
გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევატყე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად
მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ
გადარჩენაზე. თან ახალახალსაც ვაგროვებდი. შემოწირულსაც აღარ ვჯერდებოდი, საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე~.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება ითვალისწინებდა ეკლესია-მონასტრებში დაცული ძველი, 14
სახმარად უვარგისი, საეკლესიო წიგნების შეგროვებას. ექვთიმე თაყაიშვილმაც სწორედ ამით დაიწყო თავისი
საქმიანობა. პირველი არქეოლოგიური მოგზაურობა მოეწყო 1889 წლის 17 თებერვალს მცხეთაში, სადაც დიმიტრი ბაქრაძემ წაიყვანა. მათი მიზანი იყო ხელნაწერი წიგნების ჩამოტანა. კარგი ხელნაწერები მხოლოდ სვეტიცხოველში უნახავთ და წამოუღიათ. ამ მოგზაურობას სათანადოდ გამოეხმაურა იმდროინდელი პრესაც. შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილი დამოუკიდებლად იწყებს ფართო შემოქმედებითს საქმიანობას, რომლის ერთგვარი დაგვირგვინება იყო მის მიერ 1890 წელს გამოცემული `სამი ხრონიკა~. მას მოჰყვა `წმინდა ნინოსცხოვრება~, რომელიც წინა ნაშრომის გაგრძელებას წარმოადგენდა. ამ გამოცემამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველ საზოგადოებაზე და გარკვეული გარდატეხა გამოიწვია ქართულ ისტორიოგრაფიაში. ექვთიმე თაყაიშვილის როგორც მეცნიერის ჩამოყალიბება თანდათან ხდებოდა. მის მუშაობაში ისახებოდა ერთი მთავარი მიზანი: რამდენადაც კი შესაძლებელი იყო, შეეკრიბა მასალა საქართველოს ისტორიაარქეოლოგიისათვის, დაღუპვა-დაკარგვისაგან გადაერჩინა ძეგლები და მისაწვდომი გაეხადა მკვლევართათვის. ექვთიმე თაყაიშვილი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ჩვენში გამოჩნდებოდნენ მკვლევარები, რომელთათვის სასარგებლო იქნებოდა მისი ნაღვაწი.

ექვთიმე თაყაიშვილმა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე სისტემატური კვლევისა და ძებნის შედეგად ბევრი ახალი,
სრულიად უცნობი პირველხარისხოვანი ძეგლი აღმოაჩინა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ აღმოჩენილ
`ვეფხისტყაოსნის~ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები.

ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ `ვეფხისტყაოსნის~ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლისა, რომელიც საზოგადოებამ ვინმე კორინთელისაგან შეიძინა. საზოგადოების შენაძენთა შორის არის აგრეთვე მეფე გიორგი 15 XI-სათვის 1680 წელს მისი მდივნის ბეგთაბეგის მიერ გადაწერილი `ვეფხისტყაოსანი~. ეს ხელნაწერი გამოირჩევა
არშიებზე მოხატული სამკაულით. `ევროპის რომელსაც გინდა მუზეუმს რომ მიუტანო, უეჭველად მოგცემენ მილიონსო~, _ამბობდა ამ ხელნაწერის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი.

ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა პელაგია წერეთლისეული `ვეფხისტყაოსნის~ გადარჩენა, რომელიც
სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული. ამ ხელნაწერის მოკლე ისტორია ასეთია: ერთ საჩხერელ თავადს
ნესტორ წერეთელს ცოლად ჰყავდა გურიელის ქალი პელაგია.ნესტორის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება (მათ შორის
`ვეფხისტყაოსნის~ აღნიშნული ხელნაწერი) მის ცოლ-შვილს დარჩა. დედამ შვილებს `ვეფხისტყაოსნის~ ხელნაწერი ყდის გასაკეთებლად გაატანა. ამ უკანასკნელთ იგი ეტლში დარჩენოდათ. მეეტლეს ხელნაწერი სამ თუმნად მიუყიდია
კომერსანტ დავით სარაჯიშვილისათვის. დავით სარაჯიშვილმა კარგად იცოდა ასეთი ძეგლების ყადრი, ხელნაწერი შეუძენია და იმხანად თბილისში მყოფ ბარონ დე ბაისათვის განუზრახავს მისი ჩუქება. ექვთიმე თაყაიშვილს ეს ხელნაწერი უნახავს, უთხოვია დავით სარაჯიშვილისაგან და არ დაუბრუნებია პატრონისათვის მანამ, სანამ ბარონ დე ბაი
საქართველოდან არ წასულა. შემდეგში ამ ხელნაწერის მიხედვით ექვთიმე თაყაიშვილმა `ვეფხისტყაოსანი~ გამოსცა
კიდეც. ექვთიმე თაყაიშვილი თავგამოდებით იბრძოდა საქართველოს უკვე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების ფართოდ გატანისა და ახლის აღმოჩენისათვის. პირველი ქართველი არქეოლოგი, რომელმაც ექვთიმე თაყაიშვილზე ადრე მოაწყოგათხრები საქართველოში, ნიკო მარი იყო. მან გათხარა ძველი, წინაქრისტიანული სასაფლაო დებედის ხეობაში,
სოფელ ვორნაკში და მეტად საინტერესო ნივთები აღმოაჩინა, მაგრამ მალე ნიკო მარმა ანისში დაიწყო გათხრები და მთელი ყურადღება იქით გადაიტანა. ვორნაკი რომ უყურადღებოდ არ დარჩენილიყო, იქ თხრის გაგრძელება საიმპერატორო არქეოლოგიურმა კომისიამ ექვთიმე თაყაიშვილს შესთავაზა. ექვთიმე თაყაიშვილი დათანხმდა და დაიწყო საქმიანობა. ეს იყო 1894 წელს. ვორნაკში ბრინჯაოს ხანის სამარხები აღმოჩნდა. საერთოდ, ვორნაკის სამარხები მდიდარი იყო. აღმოჩენილ მასალებზე მუშაობამ ექვთიმე თაყაიშვილს გარკვეული გამოცდილება შესძინა. იგი თანდათან წახალისდა და შემდგომში უფრო თამამად მიჰყო ხელი გათხრებს. 1917წლის რევოლუციამდე ექვთიმე თაყაიშვილი ერთადერთი ქართველი არქეოლოგი იყო, გათხრებს რომ აწარმოებდა. იგი პარალელურად პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მუშაობასაც ეწეოდა. დიდ ყურადღებას უთმობდა მიწისზედა ძეგლების აღწერა-შეგროვებას.

დიდი ღვაწლი მიუძღვის ექვთიმე თაყაიშვილს `ახალგორის განძის~ შესანიშნავი მასალების შეგროვებისა და
დაცვის საქმეში. მან კვალდაკვალ სდია ამ განძის შემსყიდველ-გადამსყიდველებს, ვიდრე განძის უმეტეს ნაწილს
თავი არ მოუყარა და საბოლოოდ კავკასიის მუზეუმში არ დააბინავა. ექვთიმე თაყაიშვილის გულმოდგინების შედეგი იყო
`ხელმწიფის კარის გარიგების~ ხელნაწერის აღმოჩენა. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს
გაპარტახებულ სახლში იპოვა, ნაგავში. ექვთიმე თაყაიშვილი მუდამ ცდილობდა, რომ ყოველივე ის, რასაც აღმოაჩენდა,
პირველივე სახით უცვლელად გამოეცა. ასევე მოიქცა აღნიშნული ხელნაწერის მიმართაც. 1920 წლის მაისში
თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ `ხელმწიფის კარის გარიგება~ ე. თაყაიშვილის წინასიტყვაობით გამოსცა.
მიუხედავად იმისა, რომ თხზულებამ ჩვენამდე მთლიანად ვერ მოაღწია, მისი მნიშვნელობა მეტად დიდია. `ხელმწიფის კარის გარიგება~ არის სახელმძღვანელო კარისკაცებისათვის, ხელისუფალთათვის და საერთოდ ყველა მოხელისათვის. ეს არის სხვადასხვა მეფის მიერ დაწესებული სახელმწიფოს მართვაგამგეობის კანონთა კრებული. აღნიშნულ ძეგლს მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს წესწყობილების, სახელმწიფო ყოფა-ცხოვრებისა და შინაგანი ორგანიზაციის
შესასწავლად.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილის მოგზაურობებს სამხრეთ საქართველოში, ეგრეთ წოდებულ
`თურქეთის საქართველოში~ (საქართველოს ეს სამხრეთი ნაწილი ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული).
ოქტომბრის რევოლუციამდელი რუსეთის ადმინისტრაციული დაყოფის თანახმად, ეს იყო ყარსის ოლქის ორი `ოკრუგი~
არტაანისა და ოლთისისა და აგრეთვე ბათუმის ოლქის მცირე ნაწილი. ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს სამხრეთ ნაწილში (თურქეთის საქართველოში) სამჯერ იმოგზაურა. პირველი ექსპედიცია მოეწყო 1902 წელს. ექსპედიციაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ ხუროთმოძღვარი სიმონ კლდიაშვილი და ფოტოგრაფი ალექსანდრე
მამუჩაიშვილი. ახალციხისა და ახალქალაქის ზოგ ძეგლთან ერთად მაშინ მათ გამოიკვლიეს არტაანის ოლქის ძეგლებიც,
ოლთისის ოლქის ნაწილი. მეორე ექსპედიცია 1907 წელს მოეწყო. ექსპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ხუროთმოძღვარი ანატოლი კალგინი და მოხალისე ფოტოგრაფი ედუარდ ლიოზენი. გამოკვლეული იყო არტაანის ოლქის
კოლას რაიონის ძეგლები და დამთავრდა ოლთისის ოლქის შესწავლა. მესამე ექსპედიცია 1917 წელს მოეწყო.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ისტორიული ძეგლები შესწავლასა და გამომზეურებას
ელოდნენ და ექვთიმეც დიდი მონდომებით ეწეოდა ამ საქმეს. იგი იხსენებს: `საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა
უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისათვის. პირადად ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს~.

ექვთიმემ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს თითქმის ყველა მიწისზედა ძეგლი, თავად შეიგრძნო ბევრი
მათგანის სიდიადე, იმ ხუროთმოძღვართა ნიჭი და ძალა, რომელთაც შექმნეს საქართველოს ეს დიდებანი. შესწავლილ
იქნა დიდი ისტორიული მასალა. მართალია, ბევრი ძეგლი უკვე აღწერილი იყო არქეოლოგიურად, მაგრამ ექვთიმეს ძველ აღწერილობაში კორექტივები შეჰქონდა, ბევრს ისეთს ახალს ნახულობდა, რასაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა ჰქონდა
ჩვენი ისტორიის მრავალი საკითხის გაშუქებისათვის. ექვთიმე თაყაიშვილმა იმოგზაურა და აღწერა: კახეთში _
ალავერდი, შუამთა, ბოდბე, თელავი, გრემი, იყალთო, ახმეტა და სხვ. იმერეთში _ საჩხერე, ჯრუჭი, კაცხი, ქუთაისი, გელათი და სხვ. სამეგრელოში _ მარტვილი, ცაიში, ზუგდიდი, წალენჯიხა, ბანძა, აბაშა, სუჯუნა და სხვ. რაჭაში _ გლოლა, ჭიორა, ღები, ონი, წესი, მრავალძალი, სხვავა, ბუგეული, ნიკორწმინდა და სხვ. ლეჩხუმ-სვანეთში _ ლაბეჭინა, საირმე, ლაჯანა, ორბელი, ლენტეხი, ლაშხეთი, უშგული და სხვ.

1937 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა პარიზში გამოსცა წიგნი `არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს~.
მან ლეჩხუმ-სვანეთის კულტურის ძეგლების აღწერასთან ერთად მნიშვნელოვანი დასკვნებიც გამოიტანა. წიგნში
ძირითადად ქრისტიანული დროის კულტურის ძეგლები განიხილა. ავტორის აზრით, ქრისტიანობა სვანებმა
ბიზანტიიდან მიიღეს. როცა სრულიად საქართველო ბაგრატ III-ის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა 980-იან წლებში,
სვანეთი ერთიანი საქართველოს ნაწილი გახდა: ამის შემდგომ საქართველოს მეფეები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სვანეთს. იფარის ეკლესია დავით აღმაშენებლის მხატვრის მიერ არის ფრესკებით მოხატული. ამავე ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატზე დახატულია დავით V და მოხსენიებულია მისი მეუღლე გვანცა. მუხერის მთავარანგელოზის ხატის წარწერაში ვკითხულობთ: `ადიდენ მეფენი ბაგრატოანნი, დიდნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილი სანნი~. წინათ ფიქრობდნენ, სიმრავლე ჯვარ-ხატისა და ხელნაწერებისა სვანეთში იმით აიხსნებოდა, რომ აქ ნივთებს მტრის შემოსევებისაგან შესანახად და გადასარჩენად ეზიდებოდნენო. მაგრამ ე. თაყაიშვილმა დაამტკიცა, რომ ცხრა მეათედი ჯვარ-ხატებისა თვით სვანეთშია დამზადებული. ამას ნათლად მოწმობს სვანიზმები წარწერებში. ოქრომჭედლობა სვანეთში დიდად განვითარებული ყოფილა. ე. თაყაიშვილი ხაზგასმით მიუთითებდა სვანეთში არქეოლოგიური გათხრების აუცილებლობაზე და იმედოვნებდა, რომ ეს მხარე უთუოდ
მდიდარ მასალას მოგვცემდა. ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ მოგზაურობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. ეს ექსპედიცია საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ მოაწყო. მოწვეულ იქნენ სამოქალაქო ინჟინერი ა.კალგინი, მხატვარი დ. შევარდნაძე, მოხალისე ხუროთმოძღვარი ი. ზდანევიჩი, მხატვარი ლ. გუდიაშვილი და შემდგომში ცნობილი კინორეჟისორი მ. ჭიაურელი, რომელიც იმხანად მხატვრობას ეწეოდა. ამ მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა ინახულა და აღწერა თორთუმის ხეობის ზემო წელში მდებარე ექექის ტაძარი, ამ ტაძრის სამხრეთით მდებარე სოფელ სოხთოროთის ტაძარი, ჩვენს ისტორიაში კარგად ცნობილი ოთხთა ეკლესია, ასევე ცნობილი პარხლის ეკლესია და სხვ. იმ დროს ტრანსპორტით მოგზაურობა თითქმის არ ხერხდებოდა, მით უმეტეს, ისეთ მთაგორიან ადგილებში, სადაც ჩვენს წინაპრებს ეკლესია-მონასტრები უშენებიათ. რაოდენი სიყვარული უნდა ჰქონოდა ერის ისტორიისა და კულტურისა იმ ადამიანს, რომელიც მტკივანი ფეხით ამდენს დადიოდა, არ ერიდებოდა არავითარ დაბრკოლებას და პირნათლად ახორციელებდა მიზანს,
რომელიც ერთხელ დაისახა. ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურმა მოგზაურობებმა მეტად დიდი როლი შეასრულა ჩვენი კულტურის ძეგლების აღწერისა და შესწავლის საქმეში.

1921 წელს ახალი ხანა დაიწყო საქართველოში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების უმალ ყოფილმა მენშევიკურმა
მთავრობამ ბათუმს მიაშურა, რათა აქედან ზღვით უცხოეთში გამგზავრებულიყვნენ. ამასთან, განკარგულება გაიცა მთელი სამუზეუმო ქონება ყუთებში ჩაეწყოთ და უცხოეთში გაეტანათ. სამუზეუმო განძის მეთვალყურედ დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნა. მძიმე იყო მეცნიერისათვის სამშობლოს დატოვება, მაგრამ საქართველოს ძვირფასეულობას მეთვალყურე სჭირდებოდა. მას კარგად ესმოდა, რომ, თუ არა დიდი ყურადღება, შეიძლებოდა ქართველი ერის სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები სამუდამოდ დაკარგულიყო საქართველოსთვის. 1921წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა დატოვა საქართველო და იძულებით კარგა ხანს მოუხდა ემიგრაციაში ყოფნა. განძის პატრონად ფორმალურად მენშევიკური მთავრობა ითვლებოდა. განძი აუწერელი ფასეულობისაგან შედგებოდა. აქ იყო თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლისა და
თვალ-მარგალიტის ნივთები, ძვირფასი ხელნაწერები, სურათები ეროვნული გალერეიდან, ზუგდიდის დადიანისეული
სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, რუსული ეკლესიების ქონება, სახაზინო ქონება, ბორჯომის სასახლის ქონება (მდიდარი ბიბლიოთეკებით) და სხვა მრავალი. ნიშანდობლივია, რომ განძის გამტანებს არ დავიწყებიათ დავით სარაჯიშვილისათვის მიძღვნილი ვერცხლის გვირგვინები, რომლებიც მის კუბოს ამკობდა …

საფრანგეთის მთავრობის სრულუფლებიანმა მინისტრმა და უზენაესმა კომისარმა ამიერკავკასიაში აბელ შევალიემ
საქართველოს განძეულობა ფრანგულ კრეისერზე `ერნეს რენანზე~ მოათავსებინა. ამასთან იმდენი მოახერხა, რომ ეს
კრეისერი დანიშნულ დროზე ადრე გავიდა და ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეუღლე ნინო, რომელიც მასთან ერთად
მიემგზავრებოდა, მას ჩამორჩნენ. ექვთიმე დაქირავებული კატარღით დაედევნა ფრანგულ კრეისერს, რომელიც
კონსტანტინეპოლისაკენ მიემართებოდა. კონსტანტინეპოლში განძეულობა სამგზავრო გემ `ბიენ ჰოაზე~ გადაიტანეს და მარტს მარსელისაკენ გაემართნენ. ორმოცდარვა დღის დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ 1921 წლის 10 აპრილს
მარსელში ჩასულან. მას შემდეგ, რაც განძი მარსელის ბანკს ჩააბარა, ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ პარიზში წავიდა და ერთხანს იქ ცხოვრობდა, შემდეგ კი ლევილში გადავიდა. ექვთიმე თაყაიშვილი მეცნიერულ საქმიანობასაც აგრძელებდა. მისი აღიარება იყო, როცა იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ სააზიო საზოგადოების (1925 წ.) წევრად აირჩიეს.

საფრანგეთში საქართველოს განძის ჩატანის ამბავი ფართოდ გახმაურდა და მისი შეძენის ბევრი მსურველიც
გამოჩნდა. ნიუ-იორკისა და ბრიტანეთის მუზეუმები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ განძის თუნდ მცირე ნაწილი.
ფრანგი ისტორიკოსი მილე ნივთების ფოტოგრაფიულად გადაღების ნებართვას ითხოვდა. ექვთიმე თაყაიშვილი თავს
ევლებოდა საქართველოს საუნჯეს და კატეგორიულ უარს ეუბნებოდა ყველას, ვინც კი განძთან დაკავშირებით რაიმეს
ითხოვდა. ხედავდა რა უდიდეს ინტერესს განძისადმი, ექვთიმეს აწუხებდა მისი მომავალი ბედი. მას შეუჩივლია 1928 წელს პარიზში ჩასული აკაკი შანიძისა და გიორგი ახვლედიანისათთვის: `მოახერხეთ როგორმე, ეს სიძველეები აუბრუნდეს საქართველოს. ეს რომ ასე არ მოხდეს, ჩემი მეორე სიკვდილი იქნებაო~. ექვთიმე თაყაიშვილს დიდი მცდელობა დასჭირდა იმისათვის, რომ სასამართლოს წესით უარეყო გრაფ ალექსანდრე ობოლენსკის ქვრივის, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულის სალომე ობოლენსკაიას საჩივარი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა სამეგრელოს მთავრის ოჯახიდან გატანილ განძეულობაზე. ექვთიმე თაყაიშვილის გარდა მოსარჩელეს გამოუჩნდა ძლიერი მოწინააღმდეგე. ეს იყო საფრანგეთში უპატრონოდ მიტოვებულ რუსულ ქონებათა, უფლებათა და ინტერესთა დროებითი დამცველი პიერ ჟო- დონი. ობოლენსკაიამ ვერ მიიღო ძიებული ნივთები, მაგრამ
ისინი აღარც საქართველოს ეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირთან საფრანგეთის დაახლოებამ თავისი გავლენა იქონია
სხვადასხვა ემიგრანტული `მთავრობების~ მდგომარეობაზე.გამონაკლისს არც საქართველოს `მთავრობა~ შეადგენდა. იგი კანონგარეშე გამოცხადდა. განძი საფრანგეთმა დაისაკუთრა. ექვთიმე თაყაიშვილი ბევრს ეცადა მიეღწია აფრანგეთის
მთავრობის უსამართლო განაჩენის გაუქმებისათვის, მაგრამ ამაოდ. საქმეს ისიც ართულებდა, რომ განძის შენახვის
საფასური უსახსრობის გამო საქართველოს წარმომადგენლებს ერთი წლის გარდა ფაქტობრივად არ გადაუხდიათ.

განძმა თითქმის 25 წელი დაჰყო საფრანგეთში, აქედან 13 წელი მარსელში, დანარჩენი _ პარიზში. მხოლოდ მეორე
მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მხარეს გამარჯვების სასწორის გადახრამ გახადა შესაძლებელი განძის დაბრუნება.
1944 წლის ნოემბერში ექვთიმე თაყაიშვილი შეხვდა სსრ კავშირის ელჩს საფრანგეთში ალექსანდრე ბოგომოლოვს, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება
გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლი მოსკოვში ჩასვლისა და ი. სტალინთან შეხვედრის სამზადისში იყო (ეს ვიზიტი 1944 წლის 2-10 დეკემბერს გაიმართა). რა თქმა უნდა, მის ნაბიჯს გარკვეული მნიშვნელობა ექნებოდა მომავალი ვიზიტის წარმატებაზეც. დე გოლს განკარგულება გაუცია საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე. ამ თაბეჭდილებითაა დაწერილი ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება: `განძეულობის დაბრუნების საკითხი გადაწყვიტა ამხ. სტალინის უმაგალითო გამარჯვებამ, რის შემდეგ გერმანელებმა მიატოვეს პარიზი და ფრანგებმა სული მოითქვეს. ამ გამარჯვებამ დიდი სახელი გაუთქვა სტალინს საფრანგეთში. ფრანგები მასზე ლოცულობდნენ და ამბობდნენ: `ჩვენ მას ოქროს ძეგლს დავუდგამთო~. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ სტალინი ქართველია ტომით, მაგრამ ამას ეჭვის თვალით უყურებდნენ: საქართველო პატარაა და ასეთ პიროვნებას ვერ წარმოშობდაო~. ექვთიმე თაყაიშვილმა, მიუხედავად მძიმე და რთული ცხოვრებისა, მიუხედავად გაჭირვებისა, ბოლომდე უპატრონა მისთვის მინდობილ საუნჯეს და უკვე ღრმად მოხუცი ამ საგანძურთან ერთად 1945 წლის 11 აპრილს თბილისში დაბრუნდა. მშობლიურ მიწაზე რომ დადგა ფეხი,
ოთხმოცდასამი წლის ექვთიმემ ათრთოლებული ხმით დიდი აკაკის სიტყვები წარმოთქვა:

`ცა ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო! …~

მხცოვან მეცნიერს შალვა ამირანაშვილისათვის უთქვამს: `ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი
სამშობლოსა და ხალხის წინაშე~. ძვირფასი საუნჯის უზადოდ სამშობლოში დაბრუნება მიაჩნდა ექვთიმე თაყაიშვილს თავის უპირველეს მოქალაქეობრივ მოვალეობად და რაკი მისი დიდი მისია წარმატებით დამთავრდა, ბედნიერად თვლიდა თავს და ხმამაღლა აცხადებდა: `მე ძალიან ბედნიერი ვარ და არა მაქვს უფლება ბედს დავემდურო~.
ახლად ჩამოსული ექვთიმე თაყაიშვილი კმაყოფილი იყო ახალი საქართველოს ცხოვრებით, განცვიფრებული იყო
თბილისის წინსვლით: `პირდაპირ ზღაპრულად გარდაქმნილი და გამშვენიერებული დამხვდა თბილისი, რომ ჩამოვედი …
დიდი გაქანებითა და გემოვნებითაა ყველაფერი გაკეთებული…~ სხვაგან იგი წერდა: `თბილისს გარეგნულად ვეღარ იცნობ,ისე გამწვანებული და გამშვენიერებულია, აუარებელი დიდი და მცირე ნაგებობაა აშენებული, მაგრამ არაფერი არ ჰყოფნის, მცხოვრებთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია~.მეცნიერის სიტყვებში ერთგვარი შეშფოთება იგრძნობა
თბილისის მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო. ასევე დიდი გაკვირვება გამოუხატავს ექვთიმე თაყაიშვილს, როცა მისთვის საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირთა რიცხვი დაუსახელებიათ. იგი ძალიან დიდად მოსჩვენებია და უკითხავს კიდეც: გვჭირდება კი ამდენიო. დიდი მეცნიერის იმდროინდელი შენიშვნები ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე დღემდე აქტუალურია. ექვთიმე თაყაიშვილმა მადლი მიაგო იმათ, ვინც ღვაწლი დასდო საქართველოს ეროვნული განძის გადარჩენის საქმეს. მან საგანგებო სამადლობელი წერილები გაუგზავნა საფრანგეთში საბჭოთა კავშირის ელჩს ა. ე. ბოგომოლოვს; მადლობის ბარათი აახლა გენერალურ კონსულს ა. ა. გუზოვსკის.

ექვთიმე თაყაიშვილი ჩამოსვლის პირველი დღეებიდანვე თანამშრომლობდა მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსიტეტისა
და სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო ორგანოებში, აქვეყნებდა ძვირფას მასალას საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პრობლემაზე; 1945 წლის 10 მაისს არჩეული იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს აირჩიეს
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ექვთიმე თაყაიშვილი ჩმოსვლიდან ერთი წლის შემდეგ საჯაროდ
წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელ- თა წინაშე მოხსენებით `ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ~. მოხუცებულ, მარტოხელა ექვთიმეს ცხოვრება უმძიმდა, მაგრამ ოპტიმიზმი მაინც არ დაუკარგავს. მიუხედავად ზოგიერთი განგებ შექმნილი დაბრკოლებისა, რომელიც მას ხვდებოდა, მხცოვანი მეცნიერი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე თავდაუზოგავად მუშაობდა.
ექვთიმე თაყაიშვილი თავისი მოწამებრივი ცხოვრებითა და განსაცვიფრებელი მოღვაწეობით მტკიცედ დამკვიდრდა უკვდავ ქართველ მამულიშვილთა სამარადჟამო პანთეონში. … ოთხმოცდაათი წლისა გარდაიცვალა ექვთიმე
თაყაიშვილი … თებერვლის ერთ ჟამიან დღეს ორმოციოდე კაცმა გააცილა მისი ცხედარი და თითოეულმა თითო მუჭა მიწა მიაყარა. ორმოციოდე კაცმა … დღეს საქართველომ იცის თავისი დიდი შვილის, ქვეყნისა
და ხალხის წინაშე ვალმოხდილი მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ფასი. საქართველოს ეკლესიამ იგი წმიდანად
შერაცხა და აქედან მოკიდებული `წმიდა ექვთიმე ღვთისკაცად~ იწოდება.

აკადემიკოსი
როინ მეტრეველი

წყარო :  “ექვთიმე თაყაიშვილის ბიბლიოგრაფია”  http://bit.ly/12kwrvO

One response to “ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის გზა (მოკლე მიმოხილვა)

შენ გინდა თქვა, რომ ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s